რეგიონი
ზუგდიდში მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თემაზე „თვითმმართველობის რეფორმა და მისი შედეგები“ დისკუსია შედგა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებ და აქტიური მოქალაქეები დაესწრნენ. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისის ინიციატივით გაიმართა.

ორგანიზაცია მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კოკა კიღურაძემ თვითმმართველობის რეფორმის შედეგებსა და არჩევითობის პოლიტიკურ სიძლიერეზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ქალაქების სტატუსების გაუქმება განვითარების პროცესს შეაფერხებს.

ქალაქებს უნდა გააჩნდეთ საკუთარი თვითმმართველობა, იმიტომ რომ მათი ბიუჯეტი, და ხელისუფლება სჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარი პრიორიტეტული პრობლემები გადაჭრან. სოფელს კი განსხვავებული პრიორიტეტები. ეს იქნება დემოკრატიის და ქვეყნის სოციალურ-ეკონონომიკური განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა კიღურაძემ.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი თოდუას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროცესში აუცილებელია მოქალაქეების ჩართულობა.

ნებისმიერ რეფორმას თან ახლავს ხარვეზები, შემდგომში დისკუსიის და განხილვის საფუძველზე შესაძლებელია, რომ სრულყოფილი სახე მივიღოთ. ქალაქის სტატუსის შენარჩუნებაც დისკუსიის საგანია და ამ პროცესში ყველა დაინტერესებული პირი უნდა ჩაერთოს“, - აღნიშნა თოდუამ.

რაც შეეხება შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი მუნიციპალიტეტების გაერთიანებასა და ქალაქის სტატუსის გაუქმებას მხარს არ უჭერენ.

დისკუსიაზე რამდენიმე წუთით იმყოფებოდა ქალაქის მერი ირაკლი გოგოხიაც, თუმცა მან შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს, რომ დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედმა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ,,ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება''.

ამავე თემაზე:

რეგიონული განვითარების სამინისტრო მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობოები ხელისუფლებას: დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულების გაუქმება

Print