რეგიონი
მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შინ მოვლის პროგრამა იწყება (ვიდეო)
ზუგდიდის სოფლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა, ჩეხურ ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ დაფინანსებით, მარტოხელა ხანდაზმულთათვის შინ მოვლის პროგრამას განახორციელებს. გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის გოგი რევიას თქმით, აღნიშნული პროექტით, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 24 ათასი ლარია, დასაწყისისთვის 30 ბენეფიციარი ისარგებლებს. მისივე განმარტებით, შინ მოვლის პროგრამა სახლ-კარის დასუფთავებას, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში დახმარებას, ექიმის ვიზიტებს და სხვა მომსახურებას მოიცავს.

,,ხანდაზმულთათვის აქამდეც ხორციელდებოდა სხვადასხვა პროგრამა, რომლებიც, ძირითადად, ერთჯერად დახმარებას გულისხმობდა. შინ მოვლის პროგრამის ლატვიის მოდელი ვნახეთ, რომელიც ძალიან მოგვეწონა. ამ პროგრამას დავუმატეთ ჩვენი მიმართულებები და საბოლოოდ მივიღეთ კარგი იდეა. ამ პროექტის 30%-ს გამგეობა აფინანსებს“, - უთხრა რადიო ,,ათინათს’’ უთხრა გოგი რევიამ.

პროგრამის ფარგლებში გამგეობა სპეციალურ ტრანსპორტს გამოყოფს, რომელიც საჭირო ინვენტარითა და მოწყობილებებით იქნება აღჭურვილი.

„იმოძრავებს ტრანსპორტი, რომელშიც იქნება სარეცხი მანქანა, სათიბი აპარატი, სახერხი... ასევე, შედის ექიმის მომსახურება. როდესაც მანქანა მარტოხელა მოხუცის სახლში მივა, ეს ნიშნავს, რომ მას უნდა დაუსუფთავდეს სახლი და გაეწიოს ყველანაირი საჭირო დახმარება. დღის ბოლოს ბენეფიციარის სახლ-კარი სუფთა, მოწესრიგებული უნდა იყოს", - აღნიშნა რევიამ.

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ საველე კოორდინატორი ანა ქოჩუა ამბობს, რომ პროგრამა მდგრადია და ის მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

,,ეს იქნება ხანდაზმულთა მიმართებაში ჩვენი მზრუნველი მობილური ჯგუფის შექმნა, რომელიც შემდგომში გადავა მუნიციპალიტეტის იმ პროგრამულ მიმართულებებში, რომლებსაც ის ახორციელებს სოციალურ მოწყვლად ადამიანებთან მიმართებაში,’’- აღნიშნა ქოჩუამ.

მისივე თქმით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ 2016 წლის მაისში გამგეობაში მრჩეველთა საბჭო შექმნა, რომელმაც შეიმუშავა სტრატეგია, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მუშაობა. შემდგომ კი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. წარდგენილი 13 განაცხადიდან ჯამში 4 პროექტი დაფინანსდა. მათ შორის, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შინმოვლის პროგრამა.

საერთაშორისო ორგანიზაცია PIN პროექტს ზემოაღნიშნულ პროგრამას ევროკავშირისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს. მისი მიზანია მოწყვლადი კატეგორიებისთვის სხვადასხვა სერვისების დანერგვა.

Print