რეგიონი
ზუგდიდში უსახლკაროთა რეგისტრაცია იწყება (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის შესახებ დადგენილება მიიღო. საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თაზო ფაცაციას თქმით, დაგეგმილია ზუგდიდში მცხოვრები თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანების აღრიცხვა და მათთვის სტატუსის მინიჭება, რის შემდეგაც შესაბამისი კომისია უსახლკაროთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხზე იმსჯელებს.

თითეული ადამიანი, რომელსაც ქალაქის ტერიტორიაზე არ აქვს საშუალება ნორმალურ პირობებში იცხოვროს იდენტიფიცირდება მომართვის საფუძველზე და ადგილზე მისვლით. ამასთან, ჩვენ ვგეგმავთ მოვიძიოთ დონორი ორგანიზაციები, რომელთანაც გავუწევთ შუამდგომლობას, რათა აშენდეს სოციალური სახლები, სადაც ეს ადამიანები იცხოვრებენ“, - განაცხადა ფაცაციამ.

მისივე განმარტებით, დონორი ორგანიზაციის საშუალებით დაგეგმილია კორპუსის მშენებლობა. სოციალური სახლების რაოდენობა კი უსახლკაროების სულადობაზე იქნება დამოკიდებული.

ამ დროისთვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 80 ბენეფიციარს ბინის ქირავნობის სახით უწევს დახმარება, რაც შეეხება სოციალურ სახლებს, ასეთ საცხოვრებელში ამ დროისთვის 14 უსახლკარო ცხოვრობს.


Print