რეგიონი
ზუგდიდის ადმინისტრაციულ ერთეულებს ისტორიული სახელები დაერქვა
ქალაქ ზუგდიდის უბნები ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულად გეოგრაფიული ნიშნით დაიყო და მათთვის ისტორიული სახელწოდებები შეირჩა. თითოეულ მათგანში ქუჩების გარკვეული რაოდენობა გაერთიანდა.

ეს ადმინისტრაციული ერთეულებია: მაცხოვრის კარის, ოდიშის (ძველი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია), კოლხეთის (რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია), ეგრისის (ფაიფურისა და საჯვაროს დასახლებები), ენგურის (ენგურ-ქაღალდ კომბინატი).

საკრებულოს ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ქოჩუას თქმით, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები თითოეული ერთეულის პრობლემებსა და საჭიროებებზე იმუშავებენ.

მისივე განმარტებით, ქალაქის მსგავს დაყოფას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი ითვალისწინებს. ამ საკითხზე მერიის, საკრებულოსა და სამოქალაქო და საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.

Print