რეგიონი
,,მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“- წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პიტერ პომერანცევის წიგნის “არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ,,რადარამის’’ ორგანიზებით ჩატარდა.

წიგნის შესახებ ილიაუნის მკვლევარმა თამარ თოლორდავამ და ,,რადარამის'' წარმომადგენელმა მაია მესტუმრემ ისაუბრეს. მათი თქმით, მასში ნათლად არის ასახული, თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ მსოფლიოზე. ნაშრომში ასევე, ასახულია, თუ როგორ ცდილობს კრემლი ადამიანის გონებაში შეღწევას და როგორი შეიძლება იყოს ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში.

,,წიგნში ასევე კარგად არის აღწერილი პუტინის თემა, თუ როგორ ქმნის მედია მის სახეს და როგორ იყენებს ქვეყნის პრეზიდენტი ამ პოლიტიკურ იმიჯს. საინტერესოა ელიტებს შორის დაპირისპირებაც, რადგან ამას ხშირად ჩვეულებრივი ადამიანებიც ეწირებიან. ეს ყველა დეტალი ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორი სისტემაა ახლა რუსეთში და რა როლი უჭირავს მოქალაქეს, ინდივიდს არსებულ რეჟიმში,’’- ამბობს თამარ თოლორდავა.

შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე იმსჯელეს. მაია მესტუმრეს თქმით, საჭიროა სწორი ინფორმაცია და მეტი განათლება იმისათვის, რომ ადამიანებს გაუღრმავდეთ ანალიტიკური აზროვნების უნარი და შეეძლოთ სწორი გადაწყვეტილების მიღება.

პიტერ პომერანცევი ბრიტანელი ჟურნალისტი, წიგნების ავტორი და ტელეპროდიუსერია. 2013 წლიდან ის აქტიურად მუშაობს და წერს რუსულ პროპაგანდაზე, აქვეყნებს სტატიებს ცნობილ ჟურნალებსა და ახალ მედია პლატფორმებზე.

Print