ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ (ვიდეო)
16:52 / 12.04.2017
ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე მორიგ სასამართლო
სხდომაზე მოწმის სახით კომისიის
სამი წევრი დაიკითხა.
ყოფილმა საჯარო მოხელემ ალიოშა ალანიამ გამგებლის მოადგილე მამუკა
წოწერიას ნეპოტიზმში დასდო ბრალი და უთხრა, რომ ოქტომბრისა და
დავითიანის გამგებლებად მან საკუთარი ახლობლები მიიყვანა. წოწერიამ კი
ბრალდება უარყო და ალანია სიცრუეში დაანაშაულა.
„ბიძაჩემმაც და ეკატერინე აბაკელიამაც, რომელიც ჩემი ახლობელი არ
არის, თქვენგან განსხვავებით, წარმატებით ჩააბარეს გამოცდა. თქვენ კი
უკვე ორჯერ ჩაიჭერით“, - მიმართა პროცესზე წოწერიამ ყოფილ
გამგებელს.
რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, წოწერიას განმარტებით, მან
თითოეული მათგანი გაცემული პასუხებისა და შესრულებული წერითი
დავალებების მიხედვით შეაფასა.
გამგებლის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს
თავმჯდომარემ ბესიკ ჭეჟიამ განაცხადა, რომ მას ატესტაციაში
მონაწილეთათვის კითხვები არ დაუსვამს, მანვე გამარტა, რომ სხდომა
მხოლოდ მაშინ დატოვა რამდენიმე წუთით, როდესაც გასაუბრებაზე მისი ძმა
შემოვიდა.
კითხვები არ დაუსვამს საჯარო მოხელეებისთვის საზოგადოება „ზუგდიდელის“
წევრს მურმან ნაჭყებიას. მისი განცხადებით, ის „ქართული ოცნების“
აქტიური მხარდამჭერია, თუმცა ამბობს, რომ შეფასებისას პოლიტიკური
მოტივით არ უხელმძღვანელია და მისი მხრიდან უარყოფითი შეფასება
გამგებლების არასათანადო პასუხებმა გამოიწვია.
გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ მოსარჩელე მხარის
იურისტები და აღნიშნავენ, რომ მოწმეების დაკითხვის შედეგად გაირკვა,
რომ შეფასების დოკუმენტი საბოლოოდ ადმინისტრაციულმა ორგანომ
შეიმუშავა.
რაც შეეხება საიას შეკითხვას, რატომ არ დაუჭირეს კომისიის აღნიშნულმა
წევრებმა მხარი ამ ორგანიზაციის დასწრებას ატესტაციის პროცესზე,
ნაჭყებიამ განმარტა, რომ არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, საია
იქნებოდა თუ არა გასაუბრებაზე. წოწერიას თქმით კი, ეს ფაქტი შედეგებზე
არავითარ გავლენას არ მოახდენდა.
„რაც შეეხება საიას განცხადებას მათი არდასწრების შესახებ, ეს
გამორიცხავს მიკერძოებას, რადგან ჩვენ კომისიაში წარმოდგენილი გვყავდა
კანონით მოთხოვნილი აუცილებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები“, -
განმარტა წოწერიამ. გასაუბრების პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით,
წოწერიამ აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, აუდიო ჩაწერა ყოფილიყო.
მომდევნო სასამართლო სხდომა 26 აპრილს გაიმართება.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი
დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე
გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი
გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური
ნიშნით გაუშვეს.
მასალის გამოყენების პირობები