რეგიონი
„სუფთად ევროპისკენ“ - დასუფთავების აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთში (ვიდეო)
დღეს, დედამიწის კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ათივე მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელშიც საჯარო მოხელეები, სტუდენტები, მაღალი კლასის მოსწავლეები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ, გუბერნატორის მოადგილემ, სტუდენტებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ე.წ. ნევთობაზის ტერიტორია დაასუფთავა, სადაც თვითნებური ნაგავსაყრელი იყო მოწყობილი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სუფთა რეგიონი უფრო მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია ჩვენი რეგიონის პოტენციალით. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავს აქციებს და ვეცდებით, შევინარჩუნოთ ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტის ნიშა მთელს საქართველოში“, - აღნიშნა დავით კოდუამ.

რამდენიმე სოფელი დაასუფთავა თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ. სოფელ გრიგოლიშში დასუფთავების აქციაში სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ და აღნიშნეს, რომ მსგავს ღონისძიებებს ხშირად აწყობენ.

წოწერიას თქმით, მუნიციპალიტეტი დაიყო ექვს ზონად და 48-ვე ადმინისტრაციულში ერთეულში დასუფთავების სამუშაოები დილიდანვე მიმდინარეობს.

ძალიან სასიხარულოა, რომ ახალგზარდები ასე აქტიურად ერთვებიან საკუთარი სოფლის დასუფთავებაში. ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი აღიარებულია, როგორც ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი და ვცდილობთ, ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ის იყოს ერთ-ერთი თვალსაჩინო სისუფთავის თვალსაზრისით“, - თქვა წოწერიამ.

მუნიციპალიტეტებში ტურისტული მარშრუტები, ტურისტული ობიექტები და მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა.

რეგიონის მასშტაბით დასუფთავების აქციაში 6000-მდე ადამიანი ჩაერთო.

დედამიწის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქციები საქართველოს რეგიონებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ტარდება.



Print