რეგიონი
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თაზო ფაცაცია აირჩიეს (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით, 8-2 ის წინააღმდეგ თავმჯდომარის მოადგილედ თაზო ფაცაცია აირჩია. საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ ფაცაციას ახალ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეროზიამ იგი დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ ფაცაცია მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორია და მან საკრებულოს შუალედურ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

"ჩვენი ხელისუფლება ასეთ ახალგაზრდებს ახალისებს და ნდობას უცხადებს", - განაცხადა შეროზიამ.

ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ის თითოეული ზუგდიდელის პრობლემების მოგვარებასა და მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას ეცდება.

"ოპოზიციას შეიძლება ბევრი რაღაც მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ ჩემთვის მთავარი შემფასებელი და კრიტიკოსი ხალხია", - განაცხადა მან.

მის არჩევას მხარი "ნაციონალური მოძრაობიდან" ანა წითლიძემ და "ევროპული საქრთველოდან" ბათლომე შელიამ არ დაუჭირეს. შელიას თქმით, მისი პარტია, ზოგადად, წინააღმდეგია იმ მიდგომების რაც მთავრობას საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით აქვს.

"ბატონი თაზო, სამწუხაროდ, იქნება ერთი რიგითი დავალების შემსრულებელი და ჩვენ ვიცით, რომ აქ უმრავლესობა თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა, მე მას წარმატებებს ვუსურვებ"
, - აღნიშნა შელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ ფაცაციას აღნიშნული თანამდებობის შესაბამისი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი არ გააჩნია.

"ის შემთხვევით გახდა საკრებულოს წევრი, ისევე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. მას არ აქვს რამე კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გააკეთოს უახლოესი ოთხი თვის განმავლობაში ქალაქის საკეთილდღეოდ", - თქვა წითლიძემ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ახლადარჩეულ თავმჯდომარის მოადგილეს კითხვები მისი მერიაში მუშაობის პერიოდსა და სამომავლო გეგმებზე დაუსვეს.

ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა თანამდებობიდან 26 აპრილს გადააყენეს. აღნიშნულ საკითხს მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგ წავიდა.




Print