რეგიონი
ფრაქცია "ზუგდიდმა" ელექტრონული პეტიციის ინიციატივა წარადგინა (ვიდო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ზუგდიდის“ ინიციატივით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე ფრაქციის წევრებმა ელქტრონული პეტიციის პრაქტიკის დანერგვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე იმსჯელეს. გიორგი თოდუას თქმით, ელექტრონული პეტიციის დანერგვით, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებებში უფრო მეტი მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას.

„ამ საკითხს დღეს ჩვენ განვიხილავთ საზოგადოებასთან, მოვისმენთ რეკომენდაციებს მათგან და შემდგომ, საბოლოოდ მივიღებთ, როგორც სამართებლივი, ასევე ტექნიკური კუთხით. საკრებულოში უკვე შესულია პროექტის სახით განსახილველად და მე იმედი მაქვს, ამ ინიციატივას საკრებულოს სხვა წევრებიც დაუჭერენ მხარს“,- განაცხადა გიორგი თოდუამ.

პეტიციის ტექნიკური უზრუნველყოფის მექანიზმებზე სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა კონსტანტინე კანდელაკმა ისაუბრა. მისი განმარტებით, ელექტრონული პეტიცია საკრებულოს გვერდს მიებმება და მომხმარებელს საშუალება ექნება სახლიდან გაუსვლელად შეუერთდეს ნებისმიერ მოთხოვნას.

„ყველანაირად კომფორტი ექნება, როგორც მოსახლეობას, ასევე საინიციატივო ჯგუფებს, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით, ჩაერთონ თვითმმართველობის საქმიანობაში, წარმოადგინონ საკუთარი პეტიცია ან დააფიქსირონ პრობლემა, რომლის გადაჭრაც სურთ“, - აღნიშნა კანდელაკმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა ამბობს, რომ ელექტონული პეტიციის დანერგვა მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა, მისივე განმარტებით, აუცილებელია იმ ერთპროცენტიანი ზღვარის დაწევა, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და უფრო ნაკლებ რაოდენობას მიეცეს საკუთარი ინიციატივის წარდგენის საშუალება.

აღნიშნული ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) განახორციელა. შეხვედრის მხარდამჭერი კი სამოქალაქო კულტურის საერთშორისო ცენტრია (ICCC)

Print