რეგიონი
მუზეუმიდან გათავისუფლებულის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმიდან გათავისუფლებული ელზა ზოდელავას საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა, პროცესი გადაიდო.

სხდომის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ მოპასუხე მხარემ უფლებამოსილების შესაბამისი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. ნინო თოდუას მიერ სასამართლოსთვის გადაცემულ დოკუმენტში მითითებული იყო, რომ ის ფიზიკური პირის, მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას წარმომადგენელი იყო.

ან უნდა იყოს დირექტორი სასამართლო სხდომაზე, ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის მიერ გაცემული რწმუნებულება იყოს წარმოდგენილი“, - განმარტა სხდომაზე მოსამართლე ლაურა მიქავამ.

თოდუა აღნიშნულს არ დაეთანხმა, თუმცა განმარტა, რომ ამ დოკუმენტს მომავალ პროცესზე წარმოადგენს. მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ცნობისთვის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი ელზა ზოდელავა სამსახურიდან მის გათავისუფლებას აპროტესტებს და აღნიშნავს, რომ ეს მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას პირადი ინტერესია. იგი მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან გიდად 6 წელი მუშაობდა.

ამავე თემაზე:

გიდი სამსახურიდან გათავისუფლებაში მუზეუმის დირექტორს ადანაშაულებს (ვიდეო)
Print