რეგიონი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა -შეძენის ბრალდებით ფოთში 5 პირი დააკავა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს

თანამშრომლებმა იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ფოთში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ტ., 1993 წელს დაბადებული ლ.შ., 1995 წელს დაბადებული გ.ნ., 1995 წელს დაბადებული ე.ნ. და 2000 წელს დაბადებული თ.ც. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად თვითნაკეთი ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით, „GOLD STAR-2002“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდითა და 1 საბრძოლო ვაზნით, თვითნაკეთი ერთლულიანი, გლუვი ლულის მქონე ცეცხლსასროლი იარაღი 1 საბრძოლო ვაზნით, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი მჭიდითა და 2 საბრძოლო ვაზნით, „COMBAT-PP“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდითა და 1 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

შს სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ, ე.ნ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბარგულიდან, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, 5 ნიღაბი, 5 წყვილი ხელთათმანი და წებოვანი ლენტი - ე.წ. „სკოჩი“ ამოიღო.

ხუთივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მათ ბრალი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინათ, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

 

 


 


 

 

Print