რეგიონი
ზუგდიდში საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა თვითრეგულირების მექანიზმს მოაწერეს ხელი (ვიდეო)
ზუგდიდის ტექნოპარკში საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი, “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” წარმომადგენლები რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საქართველოს „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის“ მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ესაუბრნენ. მათი თქმით, აღნიშნული დეკლარაცია არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც 200-მდე ორგანიზაციის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წამომადგენლის ეკა დანელიას თქმით, დეკლარაციის მიზანია იმ უმთავრესი ღირებულებების წარმოჩენა, რასაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა ეფუძნება.

„კარგი იქნება, თუ ჩვენი დაფინანსების საკითხი იქნება გამჭვირვალე, უნდა ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას, თუ საიდან მოდის და რაში იხარჯება თანხები, რომელთაც დონორი ორგანიზაციები გასცემენ. ეს ერთგვარად რუსულ პროპაგანდასაც დაუპირისპირდება", - აღნიშნა დანელიამ.

ზემოაღნიშნული დეკლარაცია 16 ძირითად პრინციპს მოიცავს. მათ შორის, ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობის დაცვა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობა, თანასწორობის აღიარება და დაცვა, საზოგადოებრივ პროცესებში მოქალაქეების მონაწილეობა და სხვ.


დოკუმენტს სამეგრელოს რეგიონში 150-მდე ხელმომწერი ჰყავს.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების, სულ მცირე, 5000 წარმომადგენელი.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. მას ორგანიზაციათა კონსორციუმი (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი) კონრად ადენაურის ფონდის ხელმძღვანელობით ახორციელებს.





Print