რეგიონი
„ზღვასთან ახლოს“ - „ღამე მუზეუმში“ აფხაზეთის თემას მიეძღვნა
„ზღვასთან ახლოს“ - ამ ღონისძიებით დაიწყო ზუგდიდში აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“. დღეს დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმი კულტურის სამინისტროს ინიციატივას შეუერთდა. წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის თემად სადავო ისტორიები შეარჩია და ის აფხაზეთს მიუძღვნა.



მოწვეულმა სტუმრებმა, რომელთა შორის იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, აფხაზეთიდან დევნილები, ასევე აფხაზეთის #1 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, გამოფენა დაათვალიერეს, რომელზეც მუზეუმის ისტორიის ფონდში დაცული მე - 20 საუკუნის აფხაზეთის ხედებისა და საზოგადო მოღვაწეთა ფოტოები იყო წარმოდგენილი.



მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ აღნიშნა, რომ დღევანდელი პროექტი შერიგებისა და შეთანხმებისკენ ნაბიჯების გადასადგმელად არის მიმართული.
„ჩვენ ეს გამოვხატეთ ამ გამოფენის მოწყობით. მუზეუმი ვალდებულია საზოგადოებასთან იმუშაოს და ჩვენ შევეცადეთ ამ ადამიანებისთვის ამ გზით შეგვემსუბუქებინა ეს ტრავმული მდგომარეობა“, - უთხრა მან სტუმრებს.

მოგვიანებით ღონისძიებამ სასახლის შიდა ეზოში გადაინაცვლა, სადაც სპეციალურად მოწყობილ მონიტორზე ვიდეოჩვენება გაიმართა. ვიზიტორებმა აფხაზეთის ამსახველი ძველის კადრები იხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ქართულ - აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებული ტრაგიკული დღეები და ასევე ომამდელი ცხოვრების ეპოზოდები მოიგონეს.




„სოხუმის სუნი, იქაური ზღვის სუნიც კი მენატრება. სხვანაირი სითბო იყო, რამდენი ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ არავინ ედავებოდა ერთმანეთს. ეს ღონისძიება სიურპრიზი იყო ჩვენთვის ნამდვილად და ისეთი ემოციები მაქვს, ვერ გადმოგცემთ. მინდა, რომ კიდევ განმეორდეს მსგავსი რამ. ვისურვებდი, რომ ადგილობრივებიც იყვნენ დაინტერესებული და მეტი იცოდნენ აფხაზეთის შესახებ“, - აღნიშნა შეხვედრაზე მოსულმა აფხაზეთიდან დევნილმა, სოხუმის მკვიდრმა ლალი სიგუამ.



ღონისძიების დასასრულს სტუმრებს მუზეუმის მიერ გამოცემული ბარათები, საეხლწოდებით, „ზღვისპირეთი“ გადაეცათ. ფოტოების ნაწილი აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს მიერ არის მოწოდებული.

აფხაზეთისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისულებს საშუალება ჰქონდათ დადიანების მუზეუმის ექსპონატებიც ენახათ.




ცნობისთვის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი კულტურის სამინისტროს ინიციტივას შეუერთდა და დღეს 7 - დან 2 საათამდე დამთვალიერებლებს უფასოდ მიიღებს. აღნიშნული აქცია მთელის საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.


ამავე თემაზე:

ღამე მუზეუმში - ღონისძიებას დადიანების ისტორიული მუზეუმიც უერთდება
Print