რეგიონი
საია: სხდომის ოქმის გასაჩივრებით რეალური შედეგი არ დადგება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომის ოქმს, რომელიც მუნიციპალიტეტების გაერთიანებასა და ამის საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ წინადადების მოწონებას გულისხმობს, არ გაასაჩივრებს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ განუცხადა. მისივე ცნობით, აღნიშნული სხდომა, რეგლამენტის დარღვევით ჩატარდა, თუმცა, ოქმის გასაჩივრებას აზრი არ აქვს, რადგან მას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და შედეგის მომტანი არ იქნება.

„საკრებულოს თავმჯდომარეს ხმაურის შემთხვევაში შეეძლო დაეტოვებინა სხდომა. ასეც მოიქცა, თუმცა, დაბრუნების შემდეგ, თუკი ხმაური გაგრძელდებოდა, უნდა გადაედო შემდეგი დღისთვის, თუმცა ეს არ გააკეთა. ასევე, სხდომის ოქმში ასახულია მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, მაგრამ რეალურად ჩვენ არ გვინახავს, მოწინააღმდეგე რამდენი იყო და თავი რამდენმა შეიკავა“, - აღნიშნა ჭკადუამ.



მისივე თქმით, ახლა აუცილებელია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას გააცნონ უკვე მოწონებული დოკუმენტი.

ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 22 მაისს ჩატარებული სხდომის ოქმი გამოაქვეყნა, რომელზეც მუნიციპალიტეტების გაერთიანებისა და ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის ჩამორთმევის შესახებ მთავრობის დოკუმენტს დაუჭირეს მხარი. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს 12 წევრმა 22 მაისს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს მხარი დაუჭირა, რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიკავა თავი ან ვინ წავიდა წინააღმდეგ, ეს კითხვები საკრებულოს სხდომაზე არ დასმულა. არასამთავრობოების შეფასებით, სხდომა სამართლებრივი დარღვევებით ჩატარდა.

ამავე თემაზე:

არასამთავრობოები: საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის ნორმალურ გარემოში ჩატარება ვერ უზრუნველყო

არასამთავრობოები და ოპოზიცია საკრებულოს დღევანდელ სხდომას უარყოფითად აფასებენ (ვიდეო)



Print