რეგიონი
მერია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკრულ პლაკატებს ჩამოხსნის
ქალაქის მერია ზუგდიდის ქუჩებში არსებულ ელექტრობოძებზე თუ სხვა ნაგებობებზე გაკრული პლაკატების ჩამოხსნას და დასუფთავებას ამ ეტაპზე საკუთარ თავზე იღებს. აღნიშნული ინფორმაცია მერიამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ელერტროგადამცემ ბოძებზე საკრებულოს იმ წევრების პლაკატები გააკრეს, რომლებმაც ქალაქისა და თემის გაერთიანებას დაუჭირეს მხარი.

რადიო „ათინათი“ მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური პერიოდულად ახორციელებს ქალაქის იერსახეზე ზრუნვას, შეუსაბამო ადგილებსა და ობიექტებზე სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სარეკლამო განცხადებებისა და პლაკატებისაგან გაწმენდას, ცალკეულ ადგილებში მდებარე გარე განათების ბოძებზე და სხვა ობიექტებზე, დღეის მდგომარეობით კვლავ თვითნებურად არის განთავსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კომერციული და სხვადასხვა თემატიკის ინფორმაციების მატარებელი პლაკატები. ქალაქ ზუგდიდის მერია ამ ეტაპისათვის იღებს ვალდებულებას, ჩამოხსნას ზემოაღნიშნული სააგიტაციო თუ სხვა სახის სარეკლამო პლაკატები და აფრთხილებს ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა თუ საარჩევნო სუბიექტებს, რომ ქალაქის იერსახის დამახინჯების შემთხვევაში, დამრღვევის მიმართ გაატარებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციებს'' ,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 29 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ქალაქის ტერიტორიაზე გაკრულ პლაკატებზე, რომლებზეც საკრებულოს წევრები იყო გამოსახული, შემდეგი შინაარსის წარწერა ჰქონდა: „ ამ ადამიანებმა ზუგდიდს ქალაქის სტატუსი წაართვეს“. გაკვრის პროცესს სამართალდამცავები აკვირდებოდნენ, რამაც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია.
Print