რეგიონი
არასამთავრობოები პარლამენტის წევრებს თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე ხვდებიან
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებენ, თბილისში რეგიონული განვითარებისა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს ხვდებიან. მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯესა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები ეგნატე შამუგია და არჩილ თოდუა.

შამუგიას თქმით, შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და სამთავრობო კომისიის წევრებიც ესწრებიან, რომელთაც მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ პროექტი მოამზადეს. ამ დროისთვის მთავრობამ საკნონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

„ჩვენ ვითხოვდით მინისტრთან და კომისიის წევრებთან შეხვედრას უშუალოდ პროექტის მომზადების პროცესში, თუმცა ეს არ მოხდა. ახლა კი, როცა უკვე პროცესი დასრულდა, პარლამენტის წევრებს ვხვდებით, რომლებიც ცვლილებების დეტალებს გაგვაცნობენ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ შამუგიამ.

არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამინისტროს წარმომადგენლებათან შეხვედრას უკვე ორი თვეა ითხოვენ. ისინი თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებენ. ამასთან დაკავშირებით მათ დოკუმენტიც მოამზადეს, რომელსაც ხელს 130 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

Print