ახალი ამბები
გატაცებული სატვირთო, დატბორილი გზები და კარ-მიდამოები - სტიქია ხობში
ძლიერი წვიმის გამო პრობლემები შეიქმნა ხობის მუნიციპალიტეტში. გამგებლის გოჩა ქაჯაიას ინფორმაციით, ადიდებულია მდინარე ხობისწყალი და ღელეები.




ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური

კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში, მათ შორის, საჯიჯაოსა და ბიაში დატბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. გარდა ამისა, დაზიანდა ე.წ. ბონდის ხიდი და საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.




ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური


ადიდებულმა წყალმა სატვირთო მანქანა გაიტაცა, თუმცა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მძღოლის გადარჩენა მოახერხეს. მოგვიანებით, მაშველებმა მანქანის ამოტანაც მოახერხეს.

ხობში, ტერენტი გრანელის ქუჩაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.




ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური

„შემოდის ინფრომაციები სხვადასხვა სოფლიდან. ჩვენთან შექმნილია ზარალის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და დაადგენს ზარალის მოცულობას“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ქაჯაიამ.

ცნობისთვის, სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადაუღებელი და ძლიერი წვიმის შედეგად სხვადასხვა პრობლემა შეიქმნა. 

ამავე თემაზე:

ნაწულუკუში საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა (ვიდეო)

ზუგდიდში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა (ვიდეო)

სტიქიამ ჩხოროწყუში სახლები და სახნავ-სათესი მიწები დატბორა

წალენჯიხის სოფელ ობუჯში ადიდებულმა მდინარემ გაბიონი წაიღო


Print