ახალი ამბები
დაზიანებული ინფრასტრუქტურა, დატბორილი კარ-მიდამოები და მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება - სტიქია მესტიაში
მულახის თემის სოფელ ჟაბეშში მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება კვლავ არსებობს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ პრობლემები სხვადასხვა სოფელსა და თემში შექმნა.


ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა. სოფელი იფარი.

„სოფელ ჟაბეშში ადიდებულმა ღელემ საბედნიეროდ საცხოვრებელ სახლებამდე ვერ მიაღწია, თუმცა, დატბორილია რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი. გარდა ამისა, სოფელ ადიშის მიმართულებით წაღებულია გზის საფარი, მულახის თემში ხიდის ბურჯია დანგრეული და ნაწილობრიც გზაც წაღებულია, მდინარე ენგურმა ხაიშშიც ხიდის ბურჯი დააზიანა და იქ გადასვლა შეუძლებელია“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.



ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა. სოფელი ჟაბეში

გამგებლის ცნობით, სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგ ზარალი დაითვლება და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.

ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის ჟაბეშის დასახლებაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერის ჩამოწოლისა და მოსახლეობის დატბორვის საშიშროება, უკვე მეორე დღეა, არსებობს.


ამავე თემაზე:

მულახის თემში მეწყრის ჩამოწოლის საშიშროება არსებობს
Print