რეგიონი
მეგრული ვაზის ჯიშები - გამოფენა-კონფერენცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სამეცნიერო კონფერენცია ,,ვაზის მეგრული ჯიშები’’ გაიმართა. ღონისძიებაზე ღვინოთმცოდნემ და მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარმა გიორგი ბარისაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა. მან ზუგდიდის ბიბლიოთეკას საკუთარი ნაშრომები გადასცა.

,,ჩვენ გადავწყვიტეთ დავეხმაროთ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, რომ გაიხსნას მევენახეობა-მეღვინეობის კუთხე. ამისათვის ძველი ლიტერატურა არსებობს, მაგრამ საჭიროა ახალი ლიტერატურაც, სწორედ ამიტომ მე ჩამოვიტანე ჩემი ნაშრომები. ეს არის 12 ნაშრომი, სხვადასხვა წიგნი, რომელიც გადაეცა ბიბლიოთეკას. ახლო მომავალში კი ფუნქციონირებას მევენახეობა-მეღვინეობის კუთხე დაიწყებს ’’,- თქვა ბარისაშვილმა.



კონფერენცია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა. განყოფილების უფროსის ბესიკ არახამიას თქმით,  ზუგდიდში მუშა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ძველი კოლხური ვაზის ჯიშების მოშენებაზე, მის კულტივიზაციაზე , მის გამრავლებაზე და ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს.

,,2020 წლისთვის, როგორც ტურიზმის თეორიკოსები გვარწმუნებენ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება თემატური ტური. ერთ-ერთი ასეთი არის ღვინის ტური. სამწუხაროდ, სამეგრელო ამ პროცესებში ნაკლებად არის ჩართული. ეს პროგრამა არის გძელვადიანი, რათა ვაჩვენოთ ყველას, რომ ეს ქვეყანა არის მართლაც ღვინის ქვეყანა.  ის ვაზის წიბწები, რომელიც აღმოჩენილია ანაკლიაში, არის ნათელი მაგალითი, იმისა რომ დასავლეთ საქართველოშიც იცნობდნენ ვაზის კულტურას’’,- აღნიშნა არახამიამ.




კონფერენციაზე ასევე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენელმა დათო ჩიჩუამ მეგრული ვაზის აღორძინებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ჯიღაურადან მოდიოდეს სამეგრელოში მეღვინეობის აღორძიენების იმპულსი, არამედ ადგილზე იყოს ბევრი სხვა წყარო.

,,ჩვენ ვატარებთ ინტენსიურ კონსულტაციებს ადგილზე სამეგრელოში, რომ გარკვეული იშვიათი ჯიშების ნერგი იყოს ხელმისაწვდომი ადგილობრივ გლეხისათვის. თუ კი პარალელურ რეჟიმში მოხდება იშვიათი ჯიშებისაგან ღვინოების დამზადება ოჯახურ პირობებში. ეს ჩვენ მოგცემს ბევრად უფრო დიდ საინფორმაციო მონაცემთა ბაზას. რის შედეგადაც ადვილი იქნება თითოეული ჯიშის დენოლოგიური პოტენციალის წამოწევა,’’ - თქვა ჩიჩუამ.





გამოფენაზე ძველკოლხური ვაზის ჯიშებიდან (მაჭყვადინა, კოლოში, ჭვიტილური, პანეში, ჩექობალი, ოჯალეში, ჩეში...) დაყენებული ღვინოები იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Print