რეგიონი
ბაზრის მიმდებარედ გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გზის გადაკეტვა სცადეს (ვიდეო)
საბითუმო ბაზრობის მოვაჭრეებმა, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, აქცია გამართეს. მათ გზის გადაკეტვის მცდელობაც ჰქონდათ, თუმცა მოვაჭრეების წინააღმდეგობის მიუხედავად, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ საავტომობილო გზა გახსნა, რასაც სამართალდამცავებსა და შეკრებილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციელები აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, პროტესტი კანონის ფარგლებში გამოეხატათ. ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხებული არ არის.



აქციის მონაწილეების თქმით, მათ გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვით სამი თვის წინ მიმართეს მერიას და მათგან აღნიშნული პრობლემის მოგვარების თაობაზე სიტყვიერი დაპირებაც მიიღეს, თუმცა ამას შედეგი არ მოყოლია. ისინი თვლიან, რომ მათ და გარემოვაჭრეებს უთანაბრო პირობებში უწევთ მუშაობა, რადგან ბაზრის ტერიტორიის გარეთ მყოფები გადასახადებს არ იხდიან.



მოვაჭრეების თქმით, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი მაშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება და ქალაქი ზუგდიდი გამონაკლისი არ იქნება, თუმცა ზუსტი თარიღის დასახელებისგან თავს იკავებენ.


ცნობისთვის, ე.წ. საბითუმო ბაზრობა, ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარედ, მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზეა განლაგებული.

Print