ახალი ამბები
ზუგდიდში სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ამ კუთხით არსებული პრობლემები და რეკომენდაციები გააცნეს.

„2016 წელი იყო სტაბილურად მძიმე. როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენი რეკომენდაციები ეხება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმინაობისთვის წახალისების კუთხით სპეციალური პროგრამების შემუშავებას, ასევე, ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩატარებას სოფლებში და ჯანდაცვისა და განათლების პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას“, - აღნიშნა სახალხო დამცველის მრჩეველმა მაგდა ტურაშვილმა.

ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია დევნილების განსახლების საკითხსა და იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომლებიც ამ დროისთვის აქვთ.

ორგანიზაცია „საუნჯეს“ ხელმძღვანელის იაგო ფასანძის თქმით, სხვა პრობლემებთან ერთად ბავშვთა უფლებებზე მუშაობაც აუცილებელია.

„განსახლებების დროს არ არის გათვალისწინებული ბავშვთა უფლებები. საბავშვო ბაღები არ შენდება დიდ დასახლებებში.

აუცილებელია, რომ სახალხო დამცველმა, არა მხოლოდ ანგარიშებში, არამედ ყოველდღიური საქმიანობის დროს გაამახვილოს ყურადღება ბავშვთა უფლებებზე“, - თქვა ფასანძემ.

სახალხო დამცველის სპეციალური საპარლამენტო ანგარიში მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნდა.

ამავე თემაზე:

სახალხო დამცველი აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებების ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს
Print