რეგიონი
„განვითარების შეფერხება“ - დისკუსია თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებაზე (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის მიზანი იყო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა, ამ მიმართულებით არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გაგება და სხვ.  მთავარი მომხსენებლები იყვნენ  ექსპერტები ირაკლი მელაშვილი და ლადო სანიკიძე. მათი შეფასებით, ქალაქებისთვის თვითმმართველის სტატუსის გაუქმებით მომსახურების ხარისხი გაუარესდება.

„პირველი პრობლემა, რასაც მუნიციპალიტეტების გაერთიანებით მივიღებთ, ეს იქნება პრიორიტეტების დაგეგმვა. იმის განსაზღვრა, სოფლებში გააკეთონ საქმე თუ ქალაქში ან პირიქით. ვეჭვობ, ქალაქში წამოვა უფრო მეტი საქმე და თანხები, ხოლო სოფელი უყურადღებოდ დარჩება. ასევე შეუმცირდებათ დაფინანსება, ორივეს, ჯამში უფრო ნაკლები ფული ექნება, ვიდრე ერთ გაერთიანებულს“, - განაცხადა მელაშვილმა.

შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა თაზო ფაცაციამ აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მოცემული სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გაერთიანებას მხარი დაუჭირეს. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იქვე აცხადებს, რომ მოსალოდნელი ცვლილებებით ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის გაუქმება არ არის დაგეგმილი.

ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები კი აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ზუგდიდს განვითარების შესაძლებლობა წაართვეს.

შეხვედრა ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი პროექტის - “თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა” ფარგლებში, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის, ინტერენეტგამოცემა TSpress.ge-ის ორგანიზებითა და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელდა.



Print