რეგიონი
პროდუქტში ტყვიის მაღალი შემცვლელობის მიზეზი შესაძლოა ჰაერის დაბინძურება იყოს
ტოქსიკოლოგები საკვებ პროდუქტებში ტყვიის მაღალი დონის წარმომავლობის შესწავლას და მოსახლეობის გამოკვლევას ითხოვენ. სპეციალისტების მოთხოვნის საფუძველი გახდა პორტალ momxmarebeli.ge-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2015-2016 წლების შემოწმებამ სხვადასხვა პროდუქტში ტყვიის შემცველობის ნორმის დარღვევის ათობით შემთხვევა გამოავლინა.

21 შემთხვევა დაფიქსირდა სამეგრელოში, ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა საქონლისა და ფრინველის ხორცი. საქონლის ხორცში ტყვიის შემცველობის ნორმის დარღვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.78მგ/კ-ც სწორედ სამეგრელოში აღმოჩნდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქონლის ხორცში ტყვიის შემცველობა 0.10მგ/კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ტოქსიკოლოგის, ქეთინო წყაროზიას თქმით, ტყვიის მაღალი დონე განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობისთვის.

,,ტყვიის მაღალი დონე იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს და ზრდის ქრონიკული დაავადებების რისკს,’’- ამბობს წყაროზია.

მისივე თქმით, პროდუქტში ტყვიის დონის ზრდას ხელს გარემოს დაბინძურება უწყობს.

პორტალმა momxmarebeli.ge-მ გასული წლების შემოწმების შედეგები მას შემდეგ გამოითხოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ ტყვიის მაღალი შემცველობა ქართულ სანელებლებში დაფიქსირდა. რატომ არ გამოაქვეყნა ეროვნულმა სააგენტომ ეს მონაცემები მანამდე თვითონ - არასამთავრობო ორგანიზაციები სააგენტოს მონაცემების დამალვაში ადანაშაულებენ, უწყებაში კი ბრალდებას იმით პასუხობენ, რომ სააგენტო ყველა მსგავსი შემთხვევის გამოვლენისას მყისიერად რეაგირებდა.

სურსათის სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნული დარღვევების შესახებ ყველა შესაბამის უწყებას აცნობეს, ის პროდუქტები კი, რომლებშიც ტყვიის ზედმეტი შემცველობა აღმოჩნდა, თავის დროზე დალუქეს და რეალიზებიდანაც ამოიღეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში რადიო ,,ათინათს'' უთხრეს, რომ აუცილებელია დაიწყოს კონკრეტული ლოკაციების შესწავლა და აღმოიფხვრას დაბინძურების წყარო. მათივე განმარტებით,  ასეთი წყარო, შესაძლოა, დაბინძურებული ჰაერიც კი იყოს. სხვადასხვა ადგილას ასეთი დაბინძურების წყარო შეიძლება იყოს სხვადასხვა. სადღაც შეიძლება იყოს ინდუსტრიული წაარმოება, სხვაგან სხვა წარმოება’'.

ამავე თემაზე:
სამეგრელოში საქონლის ხორცში ტყვიის დასაშვებზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა



Print