ახალი ამბები
მეუფე გერასიმე: საპატრიარქოში შესულია წერილი, რომ ღვთისმშობლის სამოსელი „მარიამობას“ ხობში გადააბრძანონ (ვიდეო)
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმეს ინფორმაციით, საპატრიარქოში შესულია წერილი, რომ მარიამობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი ხობში მდებარე ტაძარში გადააბრძანონ. მისივე ცნობით, საპატრიარქოს აღნიშნულ თხოვნაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

„არანაირი ინფორმაცია, რომ საპატრიარქო აპირებს ღვთისმშობლის სამოსლის ზუგდიდიდან გადატანას, არ არსებობს. მეუფე ვახტანგი ჩამობრძანდება და განვიხილავთ ერთად ამ საკითხს, თუმცა, ვფიქრობ, ღვთისმშობელმა თავად გადაწყვიტა სიწმინდის ადგილსამყოფელი“, - აღნიშნა მეუფემ.



ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარის ეზოში მრევლი იყო შეგროვილი. ისინი საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარეს და ეპისკოპოსს ვახტანგ ახვლედიანს ელოდებოდნენ, რომელსაც არსებული ინფორმაციით, ზემოაღნიშნული მოთხოვნა უნდა განეხილათ.

ტაძრის ეზოში, მეუფეს რეზიდენციის შენობის წინ შეგროვილი მრევლი დროებით დაიშალა. ისინი შეკრებას მოგვიანებით, საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარეს და ეპისკოპოსს ვახტანგ ახვლედიანის ჩამოსვლის შემდეგ გეგმავენ და ამბობენ, რომ წმინდა სამოსელის ქალაქიდან გაბრძანებას არ დაუშვებენ.



ისტორიული წყაროების მიხედვით, კვართი საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, გადმოუტანიათ, იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1923 წლიდან კი დადიანების სამთავროს სასახლეში გადაუსვენებიათ. ღვთიმშობლის წმინდა სამოსელი მას შემდეგ დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება.
ამავე თემაზე:

ზუგდიდში მშენებარე ტაძარში მრევლია შეკრებილი
Print