ახალი ამბები
GEM Fest-ის თანამშრომლების ნაწილმა ფესტივალზე განმუხურიდან შესასვლელიც გადაკეტა
GEM Fest-ის ბილეთების კონტროლის თანამშრომლებმა კუთვნილი ხელფასის მიღების მოთხოვნით განმუხურის შესასვლელი გადაკეტეს, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. ისინი ფესტივალის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების დაშლილი კონსტრუქციების გატანის საშუალებას არ აძლევენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ცოტნე ვართაგავას ინფორმაციით, მათთან GEM Fest-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელი იყო მისული. 

"ჩვენს პროვოცირებას შეეცადა, გვითხრა, რომ ასე სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ", - უთხრა რადიო "ათინათს" ვართაგავამ.

მისივე თქმით, ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ივენთის მოწყობა იგეგმება, რის შემდეგაც მათ ხელფასებს სრულად აანაზღაურებენ, თუმცა, თანამშრომლებმა არ იციან, კონკრეტულად, როდის.

აქციის მონაწილეების თქმით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა და დაშლას არ აპირებენ. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ადმინისტრაციისგან უახლოესი ორი დღის განმავლობაში დადებით პასუხს არ მიიღებენ, ბრძოლას სამართლებრივი გზით განაგრძობენ.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.


ამავე თემაზე:


GEM Fest-ის თანამშრომლების ნაწილმა დახმარებისთვის საიას მიმართა (ვიდეო)

GEM Fest-ის თანამშრომლების ნაწილი ანაკლიაში აქციას მართავს
Print