ახალი ამბები
ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდში დარჩენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
ზუგდიდში ღვთისმშობლის სამოსელის ქალაქიდან არგატანის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მოქალაქეები ხელს ფოსტის შენობის წინ, სპეციალურად განთავსებულ ტერიტორიაზე აწერდნენ. ორგანიზატორების თქმით, ხელმოწერებს მრევლის მოთხოვნითა და მეუფის კურხევით აგროვებენ.

"ღვთისმშობლის კვართი უნდა დარჩეს ზუგდიდში. მის სხვაგან გატანას ხალხი არ დაუშვებს. ხელმოწერებთან ერთად საპატრიარქოში წერილის გაგზავნასაც ვგეგმავთ", - უთხრა რადიო "ათინათს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

თავის მხრივ, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ და საპატრიარქოს სიწმინდეთა დაცვის კომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

„საზოგადოების წევრები რას აკეთებენ, ამის შესახებ ნამდვილად ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა მამა დიმიტრი ვეკუამ.




არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის წერილი შევიდა, სადაც ის კვართის მოსალოცად ხობის დედათა მონასტერში გადაბრძანებას ითხოვდა.ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში მეუფისა და საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარეს მეუფე ვახტანგი მეუფე გერასიმე შეხვდა. მისი თქმის ზუგდიდში წმინდა სინოდის დავალებით საზოგადოების აზრის მოსასმენად ჩამოვიდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, კვართი საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, გადმოუტანიათ, იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1923 წლიდან კი დადიანების სამთავროს სასახლეში გადაუსვენებიათ. ღვთიმშობლის წმინდა სამოსელი მას შემდეგ დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება.

ამავე თემაზე:

გადააბრძანებენ თუ არა მარიამობას ღვთისმშობლის სამოსელს ხობში, კვლავ უცნობია (ვიდეო)

ზუგდიდში მშენებარე ტაძრის ეზოში მრევლი ისევ შეიკრიბა

მეუფე გერასიმე: საპატრიარქოში შესულია წერილი, რომ ღვთისმშობლის სამოსელი „მარიამობას“ ხობში გადააბრძანონ (ვიდეო)

ზუგდიდში მშენებარე ტაძარში მრევლია შეკრებილი
Print