რეგიონი
სახელმწიფო პროგრამების შესახებ 6000-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო ინფორმაცია(ვიდეო)
ზუგდიდში, იუსტიციის სახლში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 60 - მდე მოხალისეს საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა. მოხალისეები ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ინფორმაციას იმ პროექტების შესახებ აწვდიდნენ, რომლებსაც დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და სხვადასხვა სამინისტროები ახორციელებდნენ. აღნიშნული საინფორმაციო კამპანია სააგენტომ მიმდინარე წლის 25 ივლისიდან დაიწყო.

მოხალისეები ზუგდიდის, წალენჯიხის, გორის, კასპის, ხაშურისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში არსებულ დევნილთა ჩასახლებებში, კარდაკარის პრინციპით, 6000 - მდე დევნილ ოჯახს შეხვდნენ და საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო მასალები დაურიგეს.

ახალგაზრდებს სერტიფიკატები დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ZRDA-ს წარმომადგენლებმა გადასცეს.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დევნილი ჩავრთოთ, როგორც ეკონომიკის და სოფლის მურნეობის სამინისტროს, ასევე ჩვენი სააგენტოს პროგრამებში. დღეს ჩვენ ვუმასპინძლეთ სამოცამდე მოხალისეს. იყვნენ ზუგდიდიდან, წალენჯიხიდან, გორიდან, გარდაბანიდან და ა.შ. ამ ახალგაზრდების მეშვეობით დევნილების ინფორმირებულობა გაიზრადა 25%-ით“, - განაცხადა ირაკლი უჯმაჯურიძემ.

კამპანია იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2016-2017 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა.



Print