რეგიონი
ზუგდიდში აქცია დროებით დაიშალა (ვიდეო)
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეკრებილმა მოსახლეობამ აქცია დროებით შეწყვიტა. ისინი ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესასრულებლად ერთ კვირას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ორშაბათიდან ფართომაშტაბიანი აქციებითა და შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან. ამასთან, ამბებენ, რომ თუ კომპენსაციას არ მიიღებენ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ აგვინაზღაურონ დანაკარგი კომპენსაციის სახით. ბანკში გვაქვს სესხები, ვითხოვთ ერთი წლით შეგვიჩერონ ბანკის გადასახადები. ორშაბათამდე დაველოდებით მთავრობის რეაგირებას, თუ არ იქნება ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება აქციები გაგრძელდება. აქ ამ შენობის წინ დავჯდებით და ვიშიმშილებთ“, - განაცხადა ნონა კვარაცხელიამ.



აქციის მონაწილეებს ზუგდიდის ვიცე მერი გია გულორდავა შეხვდა და განუმარტა, რომ აზიური ფაროსანას შესაწამლი ღონისძიებები გრძელდება.

„გამოყოფილია 22 ერთეული ტექნიკა, ჩაერთვება ავიაციაც და მავნებელთან ბრძოლა გრძელდება. არის რაღაც პროცენტი მოსავლის, რომლის გადარჩენაც შეიძლება და ამისთვის ვიბრძვით. რაც შეეხება კომპენსაციებს, მიდის მუშაობა, გადწყევტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ სამართლიანი იქნება, ალბათ, როგორც კახეთში სტიქიური უბედურების შედეგად, მოსახლეობის მიმართ კომპენსაციის გაცემა ესეც შეიძლება ჩაითვალოს სტიქიურ უბედურებად. ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და ცენტრალურ მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - აღნიშნა გია გულორდავამ.




აქციის მონაწილეებთან ერთად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის, დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა, "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ლელა ქებურია და ფრაქცია ენმ-ის წევრი ანა წითლიძე იმყოფებოდანენ.


Print