რეგიონი
საია-ს იურისტები საარჩევნო კანდიდატებს შეხვდნენ (ვიდეო)
„საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისში წინასაარჩევნო გარემოსა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრას საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ორგანიზაციის იურისტები დაესწრნენ. არჩევნებში მონაწილე კანდიდატები მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე და საარჩევნო პროცესებში ძალოვანი სტრუქტურების ჩარევაზე საუბრობენ, თუმცა მათ კონკრეტული მაგალითები არ დაუსახელებიათ. აღნიშნული დისკუსია საია-ს პროექტის „კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქარველოში“ ფარგლებში გაიმართა.

ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორის ირმა პავლიაშვილის თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იკვლევს, თუ რამდენად კვალიფიციურად ხდება დავების განხილვა და სარჩევნო ნორმების განმარტება. ამასთან, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ინტერესდება ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესწავლით.

„ვისუბრეთ იმაზე, თუ რამდენად აუცილებელია დამოუკიდებელი კანდიდატის უფლებები იყოს დაცული. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პოლიტიკური უფლებები ქალების, ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესები წარიმართოს ყოველგვარი ჩარევებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე. ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებელობები, იბრძოლოს არჩევნებში და ეს ბრძოლა პოლიტიკურ პლატფორმასა და პროგრამებზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა ძალაზე“, -აღნიშნა პავლიაშვილმა.

აღნიშნულ შეხვედრას „ქართული ოცნების“ წარმოადგენლები არ ესწრებოდნენ.

Print