ახალი ამბები
ზუგდიდში საშემოდგომო სკოლა „საქართველოს ევროინტეგრაცია“ გაიხსნა (ვიდეო)
დღეს ზუგდიდში სტუდენტებისთვის საშემოდგომო სკოლა „საქართველოს ევროინტეგრაცია“ გაიხსნა. სკოლის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ევროკავშირის ისტორიას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, უვიზო მიმოსვლის საკითხებს, ევროკავშირის მოქმედ პროგრამებსა და იმ სარგებელს, რაც ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესს მოაქვს.

სკოლა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პაპუნა შენგელაიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა გახსნეს.

„სტუდენტურ ახალგაზრდობას უნდა მიაწოდო ინფორმაცია ევროკავშირზე, ნატოზე, DCFTA-სა და სხვა საკითხებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას ეხება. გარდა ამისა, სკოლაში ინფორმაციას მიაწვდიან კომუნკიაციის სტრატეგიაზე, ვგულისხმობ ნატოსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადა შენგელიამ.




„გარდა სხვადასხვა ინფორმაციისა, ერთი დღე დაეთმობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებას ვაჭრობაში. მნიშვნელოვანია მსგავსს საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობა“, - აღნიშნა „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) წარმომადგენელმა მაია ერისთავმა.

სკოლა 27 სექტემბერს დაიხურება და მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემა. საშემოდგომო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) – ის პროექტთან „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) თანამშრომლობით იმართება. მსგავსი პროექტის განხორციელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც იგეგმება.

Print