რეგიონი
დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი მამუკა დარსანია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, იგი პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. დარსალიასივე მტკიცებით, მისი მხრიდან არანაირ სამართალდარღვევას არ ჰქონია ადგილი. მიუხედავად ამისა სამართალდამცავებმა ის მაინც დაიბარეს დაკითხვაზე. აღნიშნულ ფაქტს დარსანია პოლიტიკურ დევნად აფასებს და პოლიციის განყოფილებაში მისვლას არ აპირებს.

,,დღეს დილით დამიკავშირდნენ კახათის პოლიციის განყოფილებიდან, მითხრეს რომ მივსულიყავი გამოკითხვაზე. თუ მე არ მივიდოდი მანქანას გამოუშვებდნენ და წამიყვანდნენ. ფაქტს ვუკავშირებ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას და იმ ხმამაღალ განცხადებებს, რომელსაც მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ვაჟღერებ"- განაცხადა დარსანიამ.

ადგილზე საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა იმყოფებოდა. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი წინასაარჩენო პერიოდიდან გამომდინარე საყურადღებოა და საიას ზუგდიდის ოფისი აუცილებლად შეისწავლის.

შს სამინისტროში ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დომენტი სიჭინავას მხარდამჭერის, მამუკა დარსანიას დაკითხვაზე დაბარებას უარყოფენ. უწყებაში აცხადებენ, რომ, აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და დარსანია დაკითხვაზე არ დაუბარებიათ.

Print