არჩევნები
დომენტი სიჭინავა მშენებარე სტადიონზე: ბეტონის მესერის აშენებისთვის ხელი არ მომიწერია (ვიდეო)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ე.წ. "კომბინატში" მშენებარე სტადიონის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

დომენტი სიჭინავას თქმით, სტადიონის პროექტთან დაკავშირებით, მან „თბილპროექტმშენის“ წერილს 2015 წლის პირველ ივლისს უპასუხა და მხოლოდ რეკომენდაციები გასცა. მისივე განცხადებით, მას არანაირ საპროექტო დოკუმენტზე არ მოუწერია ხელი და ამის უფლებამოსილებაც არ ჰქონდა.

„არაერთხელ იყო წარმოდგენილი პროექტი, ჩვენ მივეცით მათ შენიშვნები და არ ვიცით, რომელი შენიშვნა გაითვალისწინა და რომელი არა საპროექტო კომპანიამ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტი დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს. ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია მხოლოდ გასცეს რეკომენდაციები, იმ შემთხვევაში, თუ მას ამისთვის მიმართავენ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ზვიად სიჭინავამ ხელი მოაწერა პროექტს, რომლის განსახორციელებლად სახელმწიფო 20 მილიონს დახარჯავდა და ამისი უფლებამოსილება ჰქონდა, მაშინ მე გეუბნებით, რომ მოედნის საფართან ბეტონის მესერის აშენებისთვის ხელი არ მომიწერია. მშენებელი გაითვალისწინებს თუ არ გაითვალისწინებს ფედერაციის რეკომენდაციებს, ეს ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაში არ შედის. საბოლოოდ, ფედერაციის შესაბამისი სამსახური ახდენს სტადიონის ინსპექტირებას და მას მიანიჭებს ლიცენციას, ან არ მიანიჭებს“, - განაცხადა სიჭინავამ.

მანამდე, მშენებარე სტადიონთან დაკავშირებით, ბრიფინგი ზუგდიდის მერიაში გამართეს. მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსის მამუკა ლოგუას მტკიცებით, სტადიონზე გალავნის შემოვლება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და პროექტთან დაკავშირებით, დადებითი რეკომენდაცია ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიადი სიჭინავამაც გასცა.



Print