რეგიონი
მე-5 კლასის მოსწავლეებს უსაფრთხოების საკითხებზე 10 გაკვეთილი ჩაუტარდებათ
საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლების მე-5 კლასის მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, უსაფრთხოების საკითხებზე 10 გაკვეთილი ჩაუტარდებათ. ისინი ასევე საგანგებო სიტუაციების - მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს მოქცევის წესებს და უსაფრთხოების აუცილებელ ნორმებს შეასწავლიან. გაკვეთილები შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტის - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილის“ ფარგლებში ჩატარდება. აღნიშნული პროექტი საჯარო სკოლებში უკვე მეორე წელია ხორციელდება.

შინაგან საქამეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და „112“-ის 108 თანამშრომელმა შსს-ს აკადემიაში სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა. სწავლების მონაწილეებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. უწყებისვე ცნობით, სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილია გზამკვლევი მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის ადაპტირებული სახითაა წარმოდგენილი საგზაო მოძრაობის წესები და საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის ნორმები.

სასწავლო პროგრამის მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.



Print