ახალი ამბები
TI: ქალაქის საკრებულოს ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტების გაერთიანების მხარდაჭერაა (ვიდეო)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქის საკრებულოს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის შეფასებით, თემის საკრებულოს მუშაობის პერიოდში ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ ცენტრალური მთავრობის წინადადების მხარდაჭერა იყო.

„ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულოებმა მიიღეს ისე, რომ არც კი უკითხავთ მოსაზრება მოქალაქეებისთვის და დაეყრდნენ იმ მითითებას, რომელიც ცენტრიდან მიიღეს. ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ დაეჭირათ მხარი, თუმცა არ გაითვალისწინეს. ეს, რა თქმა უნდა, იყო ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა არჩილ თოდუამ.

გარდა ამისა, მან ისეთ ხარვეზებსა და დარღვევებზე ისაუბრა, როგორიცაა დაუსაბუთებელი პრემიების გაცემა, არასაპატიო გაცდენები, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა და უწყებათა მხოლოდ ფორმალური ხარსიათის კონტროლი.

კვლევის თანახმად, პრობლემატურია თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციის არასრულად შევსება. საუბარია ენმ-ს წევრ ლევან კონჯარიასა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმდჯომარის თენგიზ ხარჩილავას ბიზნესინეტერესებზე, რომლებიც მათ დეკლარაციებში სრულყოფილად არ არის მითითებული.



რაც შეეხება არასაპატიო გაცდენებს, 196-ჯერ ჩატარებული სხდომიდან ყველაზე მეტი გაცდენა (84) ლევან კონჯარიას აქვს.
სულ საანგარიშო პერიოდში პრემია-დანამატის სახით 444 479 ლარი გაიცა, რომლიც საკრებულოს თანამდებობის პირებმა არა კონკრეტული დამსახურებისთვის, არამედ კვარტალურად და დღესასწაულებზე მიიღეს.



ანგარიშში დადებითად არის შეფასებული გენდერული საბჭოს ჩამოყალიბება და ეთიკის კოდექსის შემუშავება, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ საბჭოს ჯერ საქმიანობა არ განუხორციელებია, ხოლო ეთიკის კომისია მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა.

გარდა ამისა, ორგანიზაცია დადებითად აფასებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობას ინფორმაციულობისა და გამჭვირვალობის თვალსაზირით და ხაზს უსვამს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს შორის აღნიშნული ორგანო საჯაროობისა და მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით გამორჩეული იყო.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, აუცილებელია, მომავალმა საკრებულომ მისი წინამორბედის მიერ დაშვებული შეცდომები გაითვალისწინოს და იზრუნოს, რომ მსგავსი ტიპის შეცდომები არ დაუშვას.

TI წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობას ახორციელებს. ზუგდიდის საკრებულოს შემთხვევაში საანაგრიშო პერიოდი 2014 წლიდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდს მოიცავდა.


Print