ახალი ამბები
თაბუკაშვილის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება ისევ შეუწყდა
თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს წყლის მიწოდება დღეს დილიდან ისევ შეუწყდათ. მათი ინფორმაციით, წყალი დასახლებაში წყალსაქაჩისთვის მიწოდებული დენის დავალიანების 20 000 ლარის გამო არ მიეწოდებათ.

დევნილები ამბობენ, რომ მათთან უბნის მაჟორიტარი მამუკა ყურაშვილი მივიდა და თანხის შეგროვება ურჩია.



“20 000 ლარის მოგროვებას გვთხოვენ. მოვიდა მამუკა ყურაშვილი და გვითხრა, ეს ერთი თვე და მერე აღარ გექნებათ შესაგროვებელი, წყალკანალი აიღებს პასუხიმგებლობასო. ამ ერთ თვეს რაღაცას ვიზამთ და მერე არაფერს მოვითმენთ. თუ არ გადაიბარა წყალკანალმა, საპროტესტო აქციებს გავმართავთ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა ინეზა ფარულავამ.

მათივე თქმით, სასმელი წყლის ვარგისანობაც სადავოა, რადგან შესაბამისი ექსპერტიზის პასუხი და დოკუმენტაცია მათთვის არ წარუდგენიათ.



დევნილები არასამთავრობო სექტორს მიმართავენ და დახმარებას მათაც სთხოვენ.

„1200 კაცის უფლება რომ ირღვევა ყოველ დღე, როგორ ვიწამლებით. ვინმემ აიღოს პასუხიმგებლობა ამ საკითხზე“, - ამბობენ ისინი.

თაბუკაშვილის დასახლების მცხოვრებლებს დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შეხვდა და მათ დახმარებას დაპირდა.

„ჩვენ ხვალ დილიდანვე ჩავრთავთ ყველა სტრუქტურას, დავადგენთ ვალის წარმომავლობას და უახლოეს ხანებში ვეცდებით, გადავწყვიტოთ ეს პრობლემა, რომ მოსახლებას აღუდგეს წყლის მიწოდება“, - განაცხადა წოწერიამ.

დავალიანების გამო დევნილებს წყლის მიწოდება, დაახლოებით, ორი კვირის წინაც შეუწყდათ. მაშინ რამდენიმე მათგანი უბნის მაჟორიტარ დეპუტატთან მამუკა ყურაშვილთან ერთად აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსს მანუჩარ ჩილაჩავას შეხვდა. ჩილაჩავამ განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ დევნილთა სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრისთვისაც ცნობილია და უწყება წყალკანალთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. თავის მხრივ, წყალკანალში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ დოკუმენატაცია მზადდება, რის შემდეგაც დასახლებას კომპანიის ბალანსზე აიყვანენ.

ამავე თემაზე:

თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები 20 000 ლარის ოდენობის დავალიანებას აპროტესტებენ (ვიდეო)


Print