ახალი ამბები
წყალკანალის მიერ დევნილთა დასახლების ბალანსზე აყვანის საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ დევნილთა დასახლების საკუთარ ბალანსზე აყვანის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. საკითხით ენმ-ის წევრი ანი წითლიძე დაინტერესდა.

მის კითხვაზე, რა ეტაპზეა წყლის პრობლემის მოგვარების თემა თაბუკაშვილის ქუჩის დევნილთა დასახლებაში, წოწერიამ უპასუხა, რომ სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, აიყვანს თუ არა წყალკანალი საკუთარ ბალანსზე აღნიშნულ დასახლებას.










„თუმცა რა ვალდებულებებით მოხდება ეს, ჯერჯერობით,  დაზუსტებული არ არის. დგინდება ვალის 20 000 ლარის წარმომავლობა. მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას ოპერატორი კომპანიის შემოსვლის შესახებ, რომ მოსახლეობას არ დაუგროვდეს ვალი, მიუვიდეს ქვითარი ინდივიდუალურად გახარჯულ წყალზე, რაც შეეხება არსებულ ვალს, გადანაწილდეს გრძელვადიან პერიოდზე“, - აღნიშნა წოწერიამ.

დავალიანების გამო დევნილებს წყლის მიწოდება, რამდენჯერმე შეუწყდათ. მაშინ რამდენიმე მათგანი უბნის მაჟორიტარ დეპუტატთან მამუკა ყურაშვილთან ერთად აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსს მანუჩარ ჩილაჩავას შეხვდა. ჩილაჩავამ განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ დევნილთა სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრისთვისაც ცნობილია და უწყება წყალკანალთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. თავის მხრივ, წყალკანალში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ დოკუმენატაცია მზადდება, რის შემდეგაც დასახლებას კომპანიის ბალანსზე აიყვანენ.


ამავე თემაზე:

თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები 20 000 ლარის ოდენობის დავალიანებას აპროტესტებენ (ვიდეო)

თაბუკაშვილის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება ისევ შეუწყდა



Print