რეგიონი
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე რეგიონში არსებულ პრობლემებს გაეცნო (ვიდეო)

რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევბზე არასამთავრობო სექტორის, მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა

დღეს ზუგდიდის ტექნოპარკში იმსჯელეს. ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწის სოფო ჯაფარიძის თქმით, შეხვედრის შედეგად რამდენიმე, მათ შორის, დევნილებისა და ძალადობის მსხვერპლი ქალების პრობლემები გამოიკვეთა.

"აფხაზეთიდან გადმოსულ პირებს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, ხშირ შემთხვევაში, არა აქვთ დასარჩენი ადგილი. ამიტომ აუცილებელია თავშესაფრის მსგავსი დაწესებულების მოწყობა. ასევე, საუბარი იყო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების აუცილებლობაზე, ქალთა ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ა.შ. არსებობს ისეთი პრობლემები, რომლებიც უნდა მოგვარდეს რიგი უწყების ურთიერთშეთანხმებით", - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორის ასოციაცია "თანხმობის" ხელმძღვანელის იულია ხარაიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე ისინი განიხილავენ ადგილობრივ სამოქმედო გეგმებს, რომლებშიც მოსახლეობისთვის ძირითადი და აუცილებელი საჭიროებები უნდა გაიწეროს.

"ადგილობრივმა ხელისუფლებამ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ გეგმის იმპლემენტაციაში. სწორედ ამიტომ მოგვყავს ყველა უწყება, რომელიც მუშაობს რეგიონის დონეზე", - აღნიშნა მან.

შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" და "ქალ მშვიდობისმყოფელთა" გლობალური ქსელის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შედგა. ის პრემიერის აპარატის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

Print