ახალი ამბები
თანასწორობა გვჭირდება - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად აქცია სახელწოდებით „თანასწორობა გვჭირდება, თან ასწორებს“ გაიმართა.

კამპანიაში მონაწილეობა გენდერული თანასწორობის კამპანიის კეთილი ნების ელჩებმა მსახიობებმა ნატა ბერეჟიანმა და დუტა სხირტლაძემ მიიღეს.

ისინი პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქალების პოლიტიკური გაძლიერების დადებით მხარეებზე ინფორმაცია მიაწოდეს.



„ძალიან ცოტა ქალია ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ბოლო არჩევნების მერე უმნიშვნელოდ გაიზარდა ეს მაჩვენებელი -13 %, რაც არის სავალალო მდგომარეობა. თუ მეტი ქალი მოისურვებს პოლიტიკაში ჩართვას, სასიკეთოდ შეიცვლება ქვეყანაში მდგომარეობა“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის კომუნიკაციის სპეციალისტმა მაგდა ნოვაკოვსკამ.



კამპანიის მიზანია, ხაზი გაუსვას ქალების, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლიდერების და ბიზნესში ჩართული აქტორების როლს და წარმოაჩინოს ის ბარიერები, რაც ხელს უშლის ქალს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კარიერულ წინსვლაში.

კამპანია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და რამენიმე რეგიონში ხორციელდება.

Print