რეგიონი
„მე, როგორც ახალგაზრდა“ - გაეროს მოსახლეობის ფონდის შეხვედრები ზუგდიდში
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ახალგაზრდების გაძლიერებისა და მათი საჭიროებების ადვოკატირებისთვის საინფორმაციო სესია - "მე, როგორც ახალგაზრდა" ჩაატარა.

ღონისძიებებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გაამახვილეს მოზარდებში სარისკო ქცევების პრევენციასა და ახალგაზრდების ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის ფორმალური და არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე.



"ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე მუშაობისას, რაც უშუალოდ მათ მომავალს ეხება. იმ ახალგაზრდების უმრავლესობას, რომლებსაც ამ სესიის ფარგლებში შევხვდით, ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული თავიანთი, როგორც თანასწორგანმანათლებლის და აქტივისტის როლი, მოვალეობა და პასუხისმგებლობა", - აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა მარიამ ხოჭოლავამ.

შეხვედრას მოწვეული სპიკერები - "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" წარმომადგენელი მარინა კობახიძე და საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ თანამშრომელი არჩილ რეხვიაშივლი გაუძღვნენ.



პროექტის მონაწილე წარმატებული ახალგაზრდები დაესწრებიან ამავე თემატიკაზე დაგეგმილ ახალგაზრდულ ფორუმს თბილისში და დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ რეკომენდაციებს, რომელშიც ასახული იქნება ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტები და ის ქმედებები, რაც სხვადასხვა დონეზე, მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და თავად ახალგაზრდების მიერ ახალგაზრდების გასაძლიერებლად უნდა განხორციელდეს.

სესიები გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

Print