ახალი ამბები
ზუგდიდში ადვოკატებმა დავით ასათიანის მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს (ვიდეო)
სამეგრელოს რეგიონის ადვოკატებმა ზუგდიდში სპეციალური განცხადება გააკეთეს. ისინი დავით ასათიანს უჭერენ მხარს, რომელმაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩვნებზე ყველაზე მეტი, 1 128 ხმა მიიღო და მეორე ადგილზე მყოფ ლევან ჯანაშიას ხუთასი ხმით უსწრებს.

„ჩვენ ველოდებოდით, რომ გამარჯვებულ კანდიდატს ღირსეულად მიულოცავდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ადამიანების გარკვეულ ჯგუფს სურს, რომ დააქუცმაცოს ადვოკატთა ასოციაცია, რაც არამარტო ჩვენ, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასაც დააზარალებს. ასათიანმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და სამეგრელოს რეგიონში მომუშავე ადვოკატთა უმრავლესობამ მხარი სწორედ ასათიანს დაუჭირეთ “, - აღნიშნა დარიკო თორდიამ.

ადვოკატები ამბობენ, რომ საკუთარ ხმებს დაიცავენ და იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე სახის წინააღმდეგობა იქნება, სამართლებრივად გააგრძელებენ ბრძოლას. მათი შეფასებით, არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა.

მსგავს განცხადებას ადვოკატები სენაკსა და ფოთშიც გააკეთებენ.

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი მეორე ტური დაინიშნება, მასში მონაწილეობას, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ.

არჩევნები მიმდინარე წლის 9 დეკემბერს სპორტის სასახლეში ჩატარდა.

Print