ახალი ამბები
ზუგდიდის მერია: მრჩეველთა საბჭოს სხდომის შესახებ თითოეული წევრისთვის ცნობილი იყო
ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით საბჭოს ყველა წევრი ინფორმირებული იყო.

„თითოეული მათგანისთვის დარეკილი იყო, რომ 27 ნოემბერს, 17 საათზე უნდა მოსულიყვნენ მრჩეველთა საბჭოს შეკრების საკითხთან დაკავშირებით. სამი ადამიანი არ გამოცხადდა, რადგან ფიზიკურად არ იყვნენ ზუგდიდში“, - აღნიშნეს პრესსამსახურში.

მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ მრჩეველთა საბჭოს ძველი წევრების ნაწილი შემადგენლობაში დარჩა და რამდენიმე ახალი წევრი დაემატა, რომელთაც მერმა ნდობა გამოუცხადა.

მერის სამოქალაქო სათათბირო ორგანოს 15 წევრიდან რამდენიმე მათგანი აცხადებს, რომ წევრად არჩევასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო. მათ შორის არიან ის ადამიანები, ვინც აღნიშნული ორგანო მიმდინარე წლის მაისში მუნიციპალიტეტების გაერთიანების გამო პროტესტის ნიშნად დატოვა.

ბიზნესმენი გია შელია ამბობს, რომ სხდომის შესახებ იცოდა, თუმცა მისი შინაარსის შესახებ ინფორმირებული არ იყო, რაც შეეხება ამომრჩეველ  კახა ჯიქიას, მისი მტკიცებით, ის ახალ წევრთა შორის არ არის.

მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში დარჩენას არ აპირებენ  ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ეკა მინჯორაია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ზუგდიდის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა, რომლებიც საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების დროს საქართველოში არ იმყოფებოდნენ.

ზუგდიდის მერის სათათბირო ორგანო სამოქალაქო მრჩეველთა ახალი საბჭო პირველ სხდომაზე 27 ნოემბერს შეიკრიბა. სულ საბჭოს შემადგენლობაში 15 ზუგდიდელი შედის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ამომრჩევლები.


ამავე თემაზე:

მერის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში ორი წევრი გაუფრთხილებლად შეიყვანეს

ზუგდიდის მერის მრჩეველთა ახალი საბჭოს შემადგენლობა
Print