რეგიონი
„რეფორმა თვითმმართველობის სახელით, თვითმმართველობის წინააღმდეგ“ - არასამთავრობოების კვლევა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ფონდის - „ღია საზოგადოება - საქართველო“ მხარდაჭერით და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით, ორი კვლევის - „რეფორმა თვითმმართველობის სახელით, თვითმმართველობის წინააღმდეგ“ და „თვითმმართველობის ნაჩქარევი რეფორმა და არსებული გამოწვევები“ - პრეზენტაცია გამართეს.

კვლევებში 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებული პროცესების სამართლებრივი ანალიზი, დასკვნები და რეკომენდაციები იყო წარმოდენილი.

კვლევის თანახმად, აღნიშნული საკითხი საკრებულოებმა დაჩქარებული წესით განიხილეს და გადაწყვეტილება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული წესის დარღვევით მიიღეს, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უმთავრესი პრობლემაა,
გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ შეესაბამებოდა ამ ქალაქებში არსებულ რეალობას და დასაბუთება მოკლებული იყო საგნობრივ მსჯელობას.

რაც შეეხება გადაწყვეტილების შედეგებს, ორგანიზაციები თვლიან, რომ თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულობისა და სამართლიანობის ხარისხი, - წარმოქმნა მმართველობითი ხასიათის და საბიუჯეტო პრობლემები.

ორგანიზაციები თვლიან, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება გააუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს, შეაფერხებს ქალაქებისა და სოფლების განვითარებას, შექმნის უთანასწორო პირობებს ქალაქისთვის; შეასუსტებს საზოგადოებრივ კონსენსუსს და საერთაშორისო მხარდაჭერას.

მათივე რეკომენდაციით, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის სფეროში ხორციელდება, თვითმმართველობის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებითა და მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით უნდა მოხდეს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი ხედვა, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისა და დეცენტრალიზაციისაკენ, ასევე, მთავრობას მცირე და საშუალო ზომის ქალაქების ურბანულ ცენტრებად ჩამოყალიბების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ამავე კვლევის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში უნდა განხორციელდეს სხვადასხვა ცვლილება.

საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შესაბამისი დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, თუმცა, სხდომა ჯერ რა ჩანიშნულა.

გარდა ამისა, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტის წევრებს, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.



Print