ახალი ამბები
ფოთში თევზისა და ზღვის გადამუშავებელი საწარმოების შემოწმებისას დარღვევები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ფოთში თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი რამდენიმე საწარმო კომპლექსურირად და არაგეგმიურად შეამოწმეს.

უწყების ინფორმაციით, სპეციალისტებმა „პეის ტერმინალის“ კუთვნილი ნავმისადგომის ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ მოპოვებული თევზის მიღებისა და გადატვირთვის ოპერაციები ხორციელდება.



ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ არცერთ კომპანიას არ გააჩნია ჩამდინარე წყლებისთვის გამწმენდი ნაგებობა და ზედაპირული წყლის ობიექტებში გაუწმენდავი წყლები ჩაედინება; ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში ასახული გაფრქვევის წყაროთა რაოდენობა არ ემთხვევა საწარმოებში არსებულ გაფრქვევის წყაროთა ფაქტობრივ მდგომარეობას. რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, აღნიშნულ საწარმოებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვევები არ გამოვლენილა.

შემოწმების პროცესში სპეციალისტებმა მდინარის წყლის სინჯებიც აიღეს.

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სამართალდარღვევის საქმის წარმოება მიმდინარეობს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ კომპანიების დაჯარიმების შემდეგ, მათ დადგენილ ვადაში დარღვევების აღმოფხვრა დაევალებათ.

Print