რეგიონი
ანაკლიის მიწებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს ქონების ეროვნულ სააგენტოში უპასუხეს
მოქალაქეები, რომლებიც ანაკლიის პორტის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე პრეტენზიას აცხადებდნენ, კომპენსაციას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში განუცხადეს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ისინი უზენაესი სასამარლოს გადაწყვეტილებას ეყრდნობიან, რომლის თანახმადაც მადონა ლაშხია და გურამ თირქიას საკუთრების უფლება არ არის აღიარებული.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სრულად ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე დასასვენებელ სახლ (პიონერთა ბანაკ) „თოლიასა“ და სოფელ ანაკლიაში მდებარე დასასვენებელ სახლ „იუჟნის“ პრივატიზაცია მთელი თავისი სამართლებრივი შედეგებით, დასახელებული პრივატიზაციის ყველა თანმდევ დოკუმენტთან და შემდგომ გაფორმებულ ხელშეკრულებებთან ერთად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული. კანონის თანახმად, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებულია დაემორჩლოს სასამართლო გადაწყვეტილებას, თუ ის ძალაშია შესული. შესაბამისად, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დასასვენებელი სახლი „თოლიას“ და სოფელ ანაკლიაში მდებარე დასასვენებელი სახლი „იუჟნის“ სხვა შემძენებთან ურთიერთობისას მოქმედებს დასახელებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და კანონის ფარგლებში“, - აცხადებენ სააგენტოში.

ანაკლიაში იმ ტერიტორიაზე, სადაც ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს, ორ მოქალაქეს მადონა ლაშხიას 541 კვ.მ და გურამ თირქიას 4 ჰა-მდე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ. მათი მტკიცებით, აღნიშნულ ადგილას უძრავი ქონება წლების წინ კანონიერად, კერძო მესაკუთრეებისგან შეისყიდეს. ისინი საკუთრების უფლების აღდგენას და შესაბამის კომპენსაციებს ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხევაში, პორტის მშენებლობის შეფერხებით იმუქრებიან.


ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მიწის მესაკუთრეების ნაწილი კომპენსაციას ითხოვს (ვიდეო)
Print