რეგიონი
"ლენდოს" დაყაჩაღებაში ბრალდებული პროკურატურას უჩივის
ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ლენდოს“ დაყაჩაღების ფაქტზე გასული წლის 16 მარტს დაკავებული გიორგი კუკავა პროკურატურას უჩივის. ადვოკატის იოსებ ჯანაშიას თქმით, კუკავამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 8 თვე უკანონოდ გაატარა. მისივე ცნობით, ისინი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელს ამაზადებენ.

„ვვარაუდობ, რომ სარჩელი სრულყოფილ სახეს თებერვლის დასაწყისში მიიღებს და ამის შემდეგ სასამართლოში შევიტანთ. მოვითხოვთ ოჯახს აუნაზღაურდეს მატერიალური და მორალური ზიანი, რაც კუკავებს რვათვიანი პატიმრობის პერიოდში მიადგათ“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

გიორგი კუკავას ადვოკატი სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაკავება ფაქტების გაყალბებით მოხდა.

„გაგვიჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნული დანაშაული იმ პიროვნებამ ჩაიდინა, რომელმაც „ვივუსი“ დააყაჩაღა. „ლენდოდან“ ამოღებული თითის ანაბეჭდები არ დაემთხვა გიორგი კუკავას ანაბეჭდებს. ის სწორედ „ვივუსის“ ყაჩაღობაში ბრალდებულის ანაბაჭდებს დაემთხვა. სამართალდამცავების მხრიდან გადამეტება იყო ის, რომ ფაქტები გააყალბეს და ხელი შეგვიშალეს რეალური მტკიცებულებების მოპოვებაში. ამასთან გაგვიჭიანურეს პროცესი“, - თქვა ჯანაშიამ.

აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. უწყებაში გამოძიება რამდენიმე პირის მიმართ მიმდინარეობს.

„როგორც კი ბრალდების მხარე დარწმუნდა პირის უდანაშაულობაში, უარი თქვა ბრალდებაზე და სასამართლოში მოითხოვა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. პარალელურად კი პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე “, - განუცხადეს რადიო „ათინათს“ მთავარ პროკურატურაში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების ფაქტზე გიორგი კუკავა 2017 წლის 16 მარტს დააკავეს. იგი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაკავებიდან რვა თვის შემდეგ გაათავისუფლა. „ვივუსი“ კი ლენდოს დაყაჩაღებიდან 4 თვის შემდეგ გაძარცვეს.


Print