რეგიონი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ორივე შესასვლელი დაიკეტება (ფოტო)
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ეკალ-ბარდებისაგან გასუფთავება დაიწყო. სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდას რამდენიმე თვე დასჭირდება. მიმდინარე კვირაში ბაღის ორივე შესასვლელი, უსაფრთხოებისა და შეუფერხებლად მუშაობის მიზნით, დაიკეტება.

„ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ დაიწყება ღობის აღდგენა. შემდეგ მთავარი სამუშაოები ჩატარდება“, - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის 11,974,436.72 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ჯავა“ ახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

კონტრაქტის თანახმად, სამუშაოები დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ზუგდიდის მერიას ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50%-ს მერია 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღებს, ხოლო დანარჩენს მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყოფს. რაც შეეხება დარჩენილი თანხის 30%-ს, მერია გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღებს.

ამავე თემაზე:

ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის სამობილიზაციო სამუშაოები დაიწყო
Print