რეგიონი
გარემოვაჭრეები ისევ მერიასთან შეიკრიბნენ
ზუგდიდელი გარემოვაჭრეების ნაწილი ისევ მერიის შენობასან შეიკრიბა და ლაშა გოგიასთან სურთ შეხვედრა. ისინი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას ერთი თვის ვადით ითხოვენ. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ გარევაჭრობა არ დაიშვება. აქციის მონაწილეები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან.

„სანამ ზამთრის ტანსაცმელს გავყიდით დაგვაყენონ ძველ ადგილას. ამის შემდეგ გადავალთ შემოთავაზებულ ტერიტორიაზე“, - ამბობენ მოვაჭრეები.

პარალელურად, მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე დახლებისა და მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობა მიმდინარეობს. ამასთან, მოვაჭრეებისთვის დამატებითი ადგილების შესაქმნელად იქვე მდებარე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მინი სტადიონსაც შლიან. მერიაში აცხადებენ, რომ ამ ფაქტზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

გარემოვაჭრეები მუშაობის გაგრძელების უფლებით აქციებს ერთ კვირაზე მეტია მართავენ.

Print