რეგიონი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი შესაძლოა ევროპული პარკების ასოციაციის წევრი გახდეს (ვიდეო)
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ და ადგილორბივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მათ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ რეაბილიტირებული ბაღი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ეს არის ისტორიული ობიექტი, რომელიც ბევრ ტურისტს მოიზიდავს. მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მიმართულებით, უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ზუგდიდს განახლებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილი ბოტანიკური ბაღი ექნება“, - აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

ნიკოლოზ ანთიძის ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ბოტანიკური ბაღი ევროპული პარკების ასოციაციის წევრი გახდეს და დადიანების კომპლექსი მსოფლიო ასპარეზზე სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი.

„ამ პროექტზე სამი წელი მუშაობდა დიდი ჯგუფი და მივიღეთ უნიკალური შედეგი. ევროპული პარკების ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს პარკი იმსახურებს ევროპული ასოციაცის წევრობას. ვმუშაობთ დოკუმენტაციის წარსადგენად... ვფიქრობ, რომ ეს ბაღი ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში“, - თქვა ანთიძემ.

ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის 11,974,436.72 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ჯავა“ ახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ზუგდიდის მერიას ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50%-ს მერია 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღებს, ხოლო 30%-ს მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყოფს. რაც შეეხება დარჩენილი თანხის 30%-ს, მერია გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღებს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ორივე შესასვლელი დაიკეტება (ფოტო)

Print