რეგიონი
მარტვილის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა (ვიდეო)
ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული მარტვილის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები მამუკა კეკელია და გია ჩიხლაძე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩიხლაძეს 90 000 ლარის, ხოლო კეკელიას 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა. მათ აღნიშნული თანხის გადახდა 20 დღის განმავლობაში მოუწევთ. როგორც მოსამართლე შოთა ბიჭიამ სხდომაზე განმარტა, გამოძიების დასრულებამდე ბრალდებულების საპატიმროში ყოფნის საფუძველი არ არსებობს.

„მათ პატიმრობა ორი მიზეზის გამო შეეფარდათ. პირველი ეს იყო ერთ-ერთ მოწმეზე შესაძლო ზემოქმედება, რომელიც ბრალდებულის ახლობელია. მეორე - გათავისუფლების შემთხვევაში, თანამდებობაზე დარჩენისა და დანაშაულის გაგრძელების საფრთხე, თუმცა დაცვის მხარემ განმარტა, რომ მოწმის დაკითხვის ოქმს სადაოდ არ მიიჩნევს და არც თანამდებობაზე დარჩენას აპირებს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს მოწმეზე ზეწოლისა და დანაშაულის გაგრძელების საფრთხე“, - აღნიშნა შოთა ბიჭიამ.

რაც შეეხება ბრალდებულებს, ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და იმედი აქვთ, რომ შემდგომ პროცესებზე გადაწყვეტილებას სასამართლო მათ სასარგებლოდ მიიღებს.

„ძალიან გახარებული ვარ. იმედი მომეცა დღევადელი გადაწყვეტილების მერე, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც შეეხება გირაოს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით გადავიხდით“, - განაცხადა გია ჩიხლაძემ.

შემდეგი სასამართლო პროცესი 5 აპრილს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მარტვილის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის სამსახურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები გამგეობის შენობაში 2017 წლის 20 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

Print