რეგიონი
სოფელ რიყის მოსახლეობა საძოვრების შემოღობვას აპროტესტებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მოსახლეობა, საძოვრების გასხვისებასა და მის შემოღობვას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, მიწის ნაკვეთი სადაც ისინი საქონელს აძოვებდნენ, 50 წლიანი იჯარით რუსეთის მოქალაქე მანანა პოტიომკინაზეა არის გაცემული, მეპატრონემ კი ტერიტორიის შემოღობვა უკვე დაიწყო.



აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საძოვრების გარდა, სოფლის სტადიონი და სასაფლაომდე მისასვლელი გზაც გასხვისდა.

"საქონელი დაგვრჩა საძოვრების გარეშე. ტერიტორიების შემოღობვის გარდა მთლიანად მოჭრეს წიწვოვანი ხეებიც", - აცხადებენ ისინი.

სოფელ რიყეში მერის წარმომადგენლის ვახტანგ გოგიას განმარტებით, აქციის მონაწილეების პრეტენზიები უსაფუძვლოა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია არა რიყეს, არამედ სოფელ ზედაეწერს ეკუთვნის.

„ჩემთვის გაუგებარია,რატომ მართავს აქციებს რიყის მოსახლეობა, როდესაც ეს ტერიტორია ეკუთვნის სოფელ ზედაეწერს. მე ვიყავი ადგილზე და გავესაუბრე მეპატრონეს, არანაირი გზა არ გადაიკეტება, პირიქით მიმდებარედ მანაქანის დასაყენებელ ტერიტორიასაც დატოვებს. მოგეხსენებათ მიცვალებულის დაკრძალვის დროს სასაფლაოსთან ბევრი მანქანა გროვდება. მოედანთან დაკავშირებითაც ვესაუბრე და ეს ადამიანი ყველანაირ დათმობაზე მოდის, რაც მისი კეთილი ნებაა. ეს ტერიტორია წლების წინ იყიდა და ის არც რუსეთის მოქალაქეა. რუსული წარმომავლობის გვარი აქვს, თორემ აქ ცხოვრობს“, - განაცხადა მან.

ადგილობრივებმა საძოვრების გასხვისება რამდენჯერმე გააპროტესტეს.


Print